English / ქართული / русский /
მადონა ხუსკივაძევასილ წიქვაძე
ხისდამმუშავებელ მრეწველობაში მიღებული მერქნული ნარჩენები – როგორც პერსპექტიული ბიზნესი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ხისდამმუშავებელ მრეწველობაში მიღებული მერქნული ნარჩენების სახეები და მათი კლასიფიკაცია. მერქნის დამუშავების და გადამუშავების პროცესი ნებისმიერ წარმოებაში დაკავშირებულია დიდი რაოდენობის ნარჩენების მიღებასთან, რაც საშუალებას იძლევა მერქნის ღრმა დამუშავებას შევხედოთ, არა უბრალოდ, როგორც გარემოზე მზრუნველობის ფაქტორს, არამედ როგორც პერსპექტიულ ბიზნესს. ნაჩვენებია მერქნული ნარჩენების რაციონალური გამოყენების გზები და პროდუქციის ფართო არჩევანი.

საკვანძო სიტყვები: მერქნული ნარჩენები, ნარჩენების მართვა, მცირე ბიზნესი, მეორადი ნედლეული.

შესავალი

დედამიწაზე გამუდმებით იზრდება პროდუქციისა და მომსახურების წარმოება, ასევე პარალელურად იზრდება მათი მოხმარების რაოდენობაც. შედეგად, ჩვენს პლანეტაზე წარმოიქმნა ნარჩენების ისეთი უზარმაზარი რაოდენობა, რამაც მრავალ ქვეყანაში “ნარჩენების კრიზისი” გამოიწვია. მსოფლიოში არ დარჩა არც ერთი ქვეყანა, ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ ჰქონდეს. ზოგიერთი პრობლემა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიისთვის არის განსაკუთრებული და დამახასიათებელი, ხოლო პრობლემათაგან უმრავლესი კი ყველა ქვეყნისათვის საერთოა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.

ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმა. რომელიც, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული შემდგომში ნარჩენების მდგრადი მართვა.
ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგი იყო და არის ხის დამუშავება. მერქნის დამუშავების და გადამუშავების პროცესი ნებისმიერ წარმოებაში დაკავშირებულია დიდი რაოდენობის ნარჩენების მიღებასთან, რაც საშუალებას იძლევა მერქნის ღრმა დამუშავებას შევხედოთ არა უბრალოდ, როგორც გარემოზე მზრუნველობის ფაქტორს, არამედ როგორც პერსპექტიულ ბიზნესს. მერქნული ნარჩენების გადამუშავება შემოსავლიანი და სასარგებლო საქმეა. ეს ბიზნესი ერთ–ერთი აქტუალური ბიზნესია, გამოირჩევა კონკურენციის დაბალი დონით და გასაღების არხების მოძიების სიმარტივით.
პირველი სტადიიდან დაწყებული – ტყის მოჭრა და ტოტების მოცილებიდან – მერქნის დამუშავებით დამთავრებული, პროცესს თან ახლავს მერქნის ნაწილის ნარჩენები, რომელთა შემდგომი გამოყენება წარმოებაში აღარ ხდება.
ნარჩენების მოცულობა გაზომვითია მიღებული პროდუქციის მოცულობასთან მიმართებით, ზოგჯერ ნარჩენის მოცულობა კიდევაც აჭარბებს პროდუქციის მოცულობას. ხის მოჭრისას და მისი ტყიდან გამოტანისას მერქნული მასალის დაახლოებით 20% წარმოადგენს ნარჩენს – ტოტების, ჯირკების, ფესვების სახით, და გამოტანილი მერქნის დაახლოებით 20% შეადგენს არასაქმიან მერქანს (შეშა). ხის სახერხ წარმოებაში ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 35–42%. ავეჯის წარმოებაში შემოტანილი დახერხილი მასალის ნარჩენების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 53–65% ფანერის გამომუშავებისას ნარჩენი შეადგენს 52–54%–ს. ახდილი შპონის მიღებისას – 30–45% [7].
მერქნული ნარჩენები ფასეული მეორადი ნედლეულია სხვადასხვა სახის მასალის, ნაკეთობის, პროდუქციის წარმოებისთვის .
ნარჩენების კლასიფიკაცია. მერქნული ნარჩენების კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ მერქნის დამუშავების სახეების და ეტაპების მიხედვით. სახეების მიხედვით ყველა ნარჩენი იყოფა:
• მყარი (ფიცრის ჩამონაჭრები, რეიკები, მორები, ტოტები, წვეროები, ნაფოტი, ჯირკები, ფესვები)
• რბილი (ბურბუშელა, ნახერხი, მერქნის მტვერი, ქერქი, ფოთლები, წიწვები) .
მერქნის დამუშავების ეტაპების მიხედვით ნარჩენები იყოფა:
• მერქნის დამზადებასთან დაკავშირებული ნარჩენები – ტოტები, წვეროები, ჯირკები, ფესვები, ქერქი (ნაწილობრივ), ჩამონაჭრები, არასაქმიანი მერქანი;
• მერქნის პირველადი გადამუშავების ხის სახერხში, ფანერის წარმოებაში – პატარა მორები, ჩამონაჭრები, ბურბუშელა, ნახერხი, ქერქი, ნაფოტი;
• მერქნის მეორადი დამუშავების ავეჯის წარმოებაში – ჩამონაჭრები, ბურბუშელა, ნახერხი.
• ნარჩენების წარმოქმნის მიზეზები. ნარჩენები წარმოიქმნება შემდეგი მიზეზებით: ხეების აღმოცენების ბიოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით (ფოთლები, წიწვები, ტოტები, წვეროები, ჯირკები, ფესვები, ქერქი);
• მრგვალი ფორმიდან (მორები, რეიკები) მართკუთხა კვეთით მიღებული მასალების შედეგად;
• ღეროს არასწორი ფორმის შედეგად– (ოვალურობა, ნახეთქები);
• მერქნის მანკების შედეგად – როკები, ნახეთქები;
• მერქნის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის არასრულყოფილება – (ნახერხი, ბურბუშელა, გადანაჭრელები).
ყველა სახის წარმოებაში მერქნის დამუშავებისა და გადამუშავებისას ნარჩენების გარდა მიიღება არადაბრუნებადი დანაკარგები მერქნის შრობის პროცესისას (6%) [8].
ნარჩენების გამოყენება
მერქნული ნარჩენები წარმოადგენს მეორად ნედლეულს, რომელთაც შეუძლია, ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს პირველადი ნედლეული წარმოებებში, რომლებიც აწარმოებენ მერქანბურბუშელოვან და მერქანბოჭკოვან ფილებს, მერქნისდამმუშავებელ წარმოებებში, ცელულოზა–ქაღალდის, სამშენებლო მასალების საწარმოებში. ნარჩენებიდან საბოლოო პროდუქცია შეიძლება მიღებული იყოს მექანიკური დამუშავებით, ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ენერგოქიმიური გადამუშავებით.
მსხვილი ნაჭრების ფორმის ნარჩენის გამოყენება შეიძლება მცირე ზომის პროდუქციის, ფართო მოხმარების საგნების საწარმოებლად, ტარისათვის, სათამაშოებისათვის, უმარტივესი ავეჯის საწარმოებლად (საკიდები, თაროები, ყუთები, მცირე ზომის კარადები). ასობით დასახელების მცირე ზომის ნაკეთობის დამზადება შეიძლება ნაჭრების ფორმის ნარჩენებით.
წიწვები და ფოთლები წარმოადგენს ფასეულ ნედლეულს წიწვოვიტამინური ფქვილის საწარმოებლად, რომელიც გამოიყენება, როგორც დანამატი ცხოველთა და თევზების კვების რაციონში, ეთერზეთების წარმოებაში, წიწვოვანების სამკურნალო ექსტრატებში, ქლოროფილ–კაროტინულ პასტებში, რომელიც გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური პროდუქციის დამზადებაში. [СафинР.Г....2013]
ტყის ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენები გამოიყენება მისი გადამუშავებით ხის ნახშირის მისაღებად, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყენება მრეწველობაში.
ბურბუშელა და ნახერხი გამოიყენება სხვადასხვა სამშენებლო მასალების საწარმოებლად, აგრეთვე ქიმიურ და ჰიდროლიზურ წარმოებაში როგორც ნედლეული.
სამშენებლო წარმოებაში მიღებული მერქნული ნარჩენები გამოიყენება სახალხო მეურნეობაში საჭირო მრავალი მასალის მისაღებად:
არბოლიტი – ეს არის ფილოვანი მასალა, რომელიც დამზადებულია ცემენტის ან თაბაშირისა და მერქნული შემავსებლებისაგან ნაფოტის სახით. ის გამოიყენება მშენებლობაში როგორც კონსტრუქციულ–თბოიზოლაციური მასალა. შემავსებელს წარმოადგენს ნაფოტი – დაქუცმაცებული ზომით 2x2x0,5მმ-დან 20x5x5 მმ–მდე. თერმოიზოლაციური არბოლიტის სიმკვრივეა 0,5–0,6 გ/სმ3, კონსტრუქციულ–თერმოიზოლაციურის 0,65-0,7გ/სმ3. არბოლიტის მიღება ხდება ფორმებში ჩამოსხმის საშუალებით [7].
მინამერქნული პანელები გამოიყენება როგორც გადამღობი ძირითადი მასალა. პანელი შედგება ხის ჩარჩოსაგან, რომელიც შემოსაზღვრულია ორივე მხრიდან მერქანბოჭკოვანი ფილით. შუა ადგილი კი შევსებულია მინა მერქნული მასით (ნაფოტი და დამაკავშირებელი– სილიკატური პასტა). შემავსებლის სიმკვრივე 0,35-0,45 გ/სმ3 [7].
ნახერხბეტონი – ეს არის ბეტონი ფორმებში ჩასასხმელად. მის შემადგენლობაში შემავსებლის სახით სილის გარდა შედის ნახერხი. ის განკუთვნილია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების, ცხოველთა ფერმების, ავტოფარეხების, ფარდულების, სახელოსნოების კედლების დასამზადებლად. მისი სიმკვრივე 0,95-დან 1,25 გ/სმ3-მდეა [7].
მერქანბეტონი – ეს იგივეა, რაც ნახერხბეტონი, მინერალურ შემავსებლად სილის ნაცვლად გამოყენებულია წვრილმარცვლოვანი ხრეში. მისი სიმკვრივეა 0,95-1,2 გ/სმ3.
თაბაშირფილოვანი ბეტონი– ეს არის კედლების ბლოკები ზომით 500х х400х250მმ, დამზადებულია თაბაშირის, ნახერხის, ბურბუშელის ნარევით. მისი სიმკვრივეა 0,65-0,85 გ/სმ3 [7].
ქსილოლიტი – ეს არის მასალა, რომელიც გამოიყენება იატაკების მოსაწყობად. მისი შემადგენლობა ასეთია: ნახერხი – კაუსტიკური მაგნეზიტი– ქლოროვანი მაგნიუმი. ფოლებს წნეხავენ წნევით 1,5–დან 7,5 მპა–მდე. მისი სიმკვრივეა 1,0–1,1 გ/სმ3.
მერქანნახერხის ფილები – ეს არის მასალა ზოლებისათვის. ის წარმოადგენს ნახერხის და ფისის ნარევს. დაწნეხილია 2–2,5 მპა წნევით. მისი სიმკვრივეა 0,5-0,8 გ/სმ3 [7].
კოროლიტი – ქერქისა და როკებისაგან მზადდება. შემაკავშირების დამატებით ამზადებენ თბილ ბგერასაიზოლაციო მასალას [10].
ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ასევე ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. მომავალი ეკუთვნის ისეთ წარმოებას, რომელიც ხასიათდება დაბალი ენერგო და მასალატევადობით. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები მოიცავს ისეთ პროცესებს, რომელიც მიმართულია გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობისაკენ. ამ მიმართებით ყველაზე დიდ როლს, არატრადიციულ ენერგეტიკასთან ერთად, თამაშობს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები, რომლებიც ორიენტირებულია პროდუქციის ენერგოტევადობის შემცირებაზე და რასაც შედეგად მოჰყვება ენერგორესურსების რაციონალური გამოყენება და ბუნებაში გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირება [რ. აბესაძე. თსუ…...2018:18].
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა განვიხილოთ სათბობი ბრიკეტები – დღეისათვის ყველაზე პერსპექტიულია და კარგ შედეგებს იძლევა ბრიკეტირება – ახდენენ ნახერხის, ნაფოტის, ტოტების დაწნეხვას ბრიკეტების სახით. დამტკიცებულია, რომ მათი თბოგამტარობა უტოლდება ნახშირისას. მაგალითად, ქვა ნახშირის წვის პროცესში წარმოიქმნება 22მჯ/კგ, ხოლო მერქნული ბრიკეტების წვისას 19მჯ/კგ. ჩვეულებრივი შეშა კი იძლევა მხოლოდ 10 მჯ/კგ. აღსანიშნავია, რომ ბრიკეტების წვისას წარმოიქმნება გაცილებით მცირე რაოდენობის ნაცარი და გაზი CO2. [10]. ასეთი საწვავი წარმატებით გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამეწარმეო მყარსაწვავიან ქვაბებშიც, საწვავის ავტომატიზებული მიწოდებით. დამზადებისას იყენებენ ფისებს ან ნავთობ პროდუქტებიდან მიღებულ შემაკავშირებლებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი საწვავის დაწვით მიღებული ნაცარი, თავის მხრივ, წარმოადგენს მერქნის გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომელიც შესანიშნავი სასუქია [С.М.Репях 2001].
სათბობ ბრიკეტებს აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა. შეიძლება მისი დამზადება აგრეთვე წვრილ ფრაქციებად – გრანულებად. ერთი ტონა ბრიკეტირებული ან გრანულირებული ნედლეული მიიღება 7–8 კუბური მეტრი ნახერხისაგან. რაც მთავარია, მიიღება პროდუქცია, რომლის გაყიდვის მინიმალური ღირებულებაა 80 ევრო ერთ ტონაზე და რენტაბელობა 50%–ზე მაღალია. ევროპის ქვეყნებში გრანულების ფასი 250 ევრომდე ადის ტონაზე [9].
მერქნის წვრილი ნარჩენები შეიძლება გადამუშავდეს მერქნულ ფქვილად, რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ფენოპლასტის, ლინოლეუმის და სხვა პროდუქციის წარმოებისას.
რამდენადაც ტყის შენარჩუნება არა მარტო ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მიზანშეწონილია, დაინერგოს ნორმატივები მათ მოპყრობასა და გაყიდვაზე.
რაც შეეხება ქვეყანაში მერქნული ნარჩენების იმპორტირებას, ის ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს კანონით [2]. ნარჩენები, რომელთა იმპორტი დაშვებულია:
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „B“ ჯგუფი“. ამ ნარჩენებში შედის ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი) ნარჩენები. ეს ნარჩენები ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების მწვანე სიით“ განსაზღვრულ ნარჩენების კატეგორიათა მიხედვით მიეკუთვნება: კატეგორია „GL“-ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები).
2. ნარჩენების იმპორტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებს საქართველოსა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით [საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ] [3].

დასკვნა

საქართველოში ხის დამმუშავებელი საქმიანობისას მიღებული ნარჩენების გადამუშავება და ათვისება წარმატებით შეუძლია მცირე ბიზნესის საწარმოებს, სადაც შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც საშუალებას მისცემს ასობით ადამიანს დასაქმდეს. მასალის ხელმისაწვდომობა, მიმართულებების ფართო არჩევანი, მზა პროდუქციის გასაღების სიმარტივე - ყველაფერი ეს ხის დამუშავებას მიმზიდველ საქმედ ხდის. ის არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს და ამგვარ პროდუქციაზე ყოველთვის მოიძებნება მყიდველი.

რაც შეეხება ნარჩენებით საწარმოების მომარაგებას, საქართველოში რამდენიმე ადგილას უნდა შეიქმნას მერქნული ნარჩენების ჰაბი, სადაც მოხდება მათი დახარისხება და შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის და საიდანაც მომარაგდებიან ის მცირე საწარმოები, რომლებიც იმუშავებენ მერქნული ნარჩენების შედგომ დამუშავებასა და გადამუშავებაზე.
მთელ მსოფლიოში მცირე ბიზნესის განვითარება ინოვაციური ეკონომიკის პროგრესის ფლაგმანს წარმოადგენს. დადასტურებულია, რომ ეკონომიკური ზრდის და ეეპ–ს ამაღლების არც ერთი ფაქტორი თავისი მნიშვნელობით ვერ შეედრება მცირე მეწარმეობის ზრდას, რომელიც იცავს და აფართოებს თავისუფალ კონკურენციას, წარმოადგენს საფუძველს არა მარტო მატერიალური კეთილდღეობის, არამედ ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოებისასაც [Мильнер Б.З......2013.4].
ხისდამმუშავებელი ტექნოლოგიების განვითარების ევოლუციის პროცესში ავტომატიზებული მართვის დანერგვა და განვითარება მაქსიმალური მოგების ამოღების საშუალებას იძლევა. ნარჩენებთან დაკავშირებით მიდგომები უცვლელი დარჩა. მცირე საწარმოების უმეტესობას არ აქვთ სურვილი, თავიანთი ფული დახარჯონ ნარჩენების გადამუშავებისა და შემდგომი გამოყენების ტექნოლოგიური სქემების განვითარებაზე.
მცირე ბიზნესი მოითხოვს არა წვრილმან მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან, არამედ აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უნდა შეიქმნას სტიმულირებადი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მაღალი დონის ნდობას ხელისუფლებისადმი.
საჭიროა მიზნობრივი კომპლექსური პროგრამა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სპეციალური კანონმდებლობის შექმნას, რეალურ სახელმწიფო მხარდაჭერას, ინიციატივების წახალისებას და მცირე საწარმოების ძალისხმევის გაერთიანებას, რომელთა საქმიანობამ შეიძლება უზრუნველყოს მრავალი საქონლისა და მომსახურების ბაზრების ნორმალური ფუნქციონირება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. ალტერნატიული ენერგეტიკა. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული XI. თბილისი, „ეკონომიკა“, 2018, გვ.18. 

2. საწართველოს კანონი ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ http://www.moe.gov.ge/res/ docs/664810_ kanoni_ narchenebis_tranzitis_da_ importis_shesakheb.pdf
3. http://www.matsne.gov.ge 300.230.000.05.001.000.095
4. Мильнер Б.З., Орлова Т.М. Малый бизнес: проблемы организации и управления// Проблемы теории и практики, управления, 2013-№4.
5. Репях С.М. доклад научно-практической конференции "Инвестиционный потенциал лесопромышленного комплекса Красноярского края - СибГТУ, 2001" .
6. Сафин Р.Г., Асатова Л.Ф., Тимербаев Н.Ф. Управление качеством продукции лесозаготовительных и деревоперерабатывающих производств. Учебное пособие.Казань.издательство КНИТУ 2013.
7. https://znaytovar.ru/new2508.html
8. http://wood-prom.ru/analitika/15274_otkhody-derevoobrabotki
9. https://drevogid.com/materialy/pererabotka-othodov.html
10. https://yandex.ru/images/search?text=ПЕРЕРАБОТКА%20ДРЕВЕСНЫХ%20ОТХОД.